25 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ევაკუირებულია 93 ოჯახი, 9 სართულიანი შენობა კი საცხოვრებლად ამ ეტაპზე უვარგისია - თბილისში წუხელ მომხდარ აფეთქებას ათეულობით ადამიანი გადაურჩა

ღამის 3:07 საათი - ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან 93 ოჯახი ევაკუირებულია. სამტრედიის ქუჩის 2 ნომერში მომხდარმა აფეთქებამ, სახლები სრულად გაანადგურა. ჩამსხვრეულია მინები, ჩამონგრეულია კედლები, დაბზარულია სადარბაზოები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. სამაშველო ჯგუფებმა, მოსახლეობა უვნებლად გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანდა ავტომობილები და ტერიტორიაზე არსებული კომერციული ფართები. გამთენიისას განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაზარალებული მოსახლეობა, გადარჩენილი ნივთების გამოსატანად, საცხოვრებელ სახლებში დღეს პირველად მაშველების თანხლებით შეუშვეს.

სამტრედიის ქუჩის 2 ნომერში აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, გაზის გაჟონვა პირველადი ინფორმაციით, კომერციული ფართიდან მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები ახალი დასრულებული იყო.

შემთხვევის ადგილი ექსპერტებმა უკვე დაასურათეს. რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად - სამხარაულის ბიურო და მუნიციპალური ლაბორატორია, დასკვნას უახლოეს პერიოდში დადებს. მანამდე კი, 53 ოჯახი მერიამ სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანა.

კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ექსპერტიზის პირველადი დასკვნის საფუძველზე დაიწყება. პირველ ეტაპზე, მერია შენობის გამაგრებას, შემდეგ კი შიდასარემონტო სამუშაოებს გეგმავს. პარალელურად, მიმდებარე შენობებში, დაზარალებული მოსახლეობის ზარალს ითვლიან.

აფეთქების ფაქტზე გამოძიება, 240 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები