საჰაერო განგაშის სიგნალი რუსეთის კურსკის და ბელგოროდის ოლქებში დილიდან ისმის. ისმის ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმაც. მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებს და გარბის. ნაწილი კი თავს სარდაფებს აფარებს.
კურსკის და ბელგოროდის ოლქებზე დივერსანტებმა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს. პარალელურად, პუტინის რეჟიმს დაპირისპირებული დაჯგუფებები იყენებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებსაც. შეტევამდე 24 საათით ადრე დივერსანტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდეს. მოწოდება გაიმეორეს ცეცხლის გახსნამდე ერთი საათით ადრეც.
დივერსანტებმა ტეტკინოში საოკუპაციო ძალის საბრძოლო მასალის 2 საცავი ააფეთქეს. იერიში მიიტანეს რუსული არმიის ბაზებზეც. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევას მოჰყვა მსხვერპლიც. 1 მშვიდობიანი დაიღუპა ავტომობილის აფეთქების შედეგად. მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი. დივერსიული ჯგუფები აცხადებენ, რომ შეტევა გაგრძელდება.
დივერსიული ჯგუფების შეჭრას რუსეთის ტერიტორიაზე არ ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო. უწყება ავრცელებს კადრებს, რომლებშიც განადგურებული ტექნიკა ჩანს. აქ ამტკიცებენ, რომ საზღვრის კვეთის მცდელობის დროს დივერსანტები გაანადგურეს. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ეს დაჯგუფებები, რეალურად ტერორისტული ორგანიზაციებია, რომელსაც კიევი მართავს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე უკრაინის მთავრობას უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებით ემუქრება.
მედვედევის მუქარას ოფიციალური კიევი უპასუხოდ ტოვებს. დივერსანტები კი ხვალიდან რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ტერორისტულ აქტებს აანონსებენ.