საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, საზოგადოებას ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა გააცნო. მეუფე შიოს თქმით, ქართული გალობის ანთოლოგია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოიცა.
პატრიარქის წერილში ხაზგასმულია, რომ საეკლესიო გალობა ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია და მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ გადარჩა და დღემდე მოვიდა ქართული უნიკალური საგალობლები.
"ჩვენს დროში ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ შემწეობით, 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება. 2016 წლიდან კი "გალობის ანთოლოგიის" გამოცემა.
და, აი, დღეს თქვენს წინაშე ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6 ათასზე მეტ საგალობელს მოიცავს და მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელის, სიმონ ჯანგულაშვილისა და ჩვენი ცნობილი მგალობლის, ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით; გამორჩეული მუსიკოლოგების: ქალბატონ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების, ბატონ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალმორსონის თანადგომით. მთელი ამ პროცესის მონაწილეა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილები საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ.
დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1 000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. გამოცემული ტომეულები არა მარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ ის ასევე დიდად შეუწყობს ხელს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობასა და შესწავლას. მათ გარდა, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევრისა თუ მოყვარულისთვის საქართველოშიც და მთელს მსოფლიოში," - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენა გაიმართა.