25 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია - ირაკლი კობახიძე

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალ ტომეული წარადგინეს. ღონისძიებას პრემიერი, კულტურის მინისტრი და სასულიერო პირები დაესწრნენ.

სახელმწიფო არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაციფრულდა და პორტალზე აიტვირთა ათი ათასამდე სანოტო ხელნაწერი. 2016 წლიდან დღემდე კი, გამოიცა ქართული გალობის ანთოლოგიის 29ა ტომი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული გალობა ქვეყნის უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.

"ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება.

საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა. დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.

დღეს ჩვენს წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები