ნიჟნი-ნოვგოროდი, ბელგოროდი, კურსკი, ორლოვსკი - ეს რუსეთის ის ტერიტორიებია, სადაც ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩამოაგდეს, ნაწილი კი სამიზნეს მოხვდა.
ნიჟნი ნოვგოროდში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი იწვის. რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ანალოგიური სიტუაციაა "ორიოლის" ნავთობბაზაზე. თბოელექტროსადგური იწვის სანქტ-პეტერბურგშიც. მოსკოვი მომხდარში კიევს ადანაშაულებს. თუმცა, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმას საკუთარ თავზე პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი, რუსული, დივერსიული ჯგუფები იღებენ.
მოლოდინის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიდეომიმართვის შემდეგ, რამდენიმე დივერსიულმა ჯგუფმა, რუსული საზღვრის კვეთის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა გაავრცელა. კადრებში რამდენიმე ათეული მებრძოლი და მძიმე ტექნიკა ჩანს.
კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, დილიდან, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მოსახლეობა რუსული ჯარისა და დივერსანტების ბრძოლის ამსახველ კადრებს ავრცელებს. დივერსანტები ირწმუნებიან, რომ რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია რუსული სუ-27-ის ჩამოგდების შესახებ. ივანოვოში ავიაკატასტროფა განიცადა "ილ-76"-მაც. ეს იყო სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 16 ადამიანი იმყოფებოდა. რა ტვირთი გადაჰქონდა ხომალდს, ამ ეტაპზე, უცნობია. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავაში ფრინველის მოხვედრაა. რაც შეეხება დივერსიული ჯგუფების მოქმედებებს - ამაზე კრემლში მცირე კომენტარი მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გააკეთეს.
სამოქალაქო ობიექტებს, აგრესიის 784-ე დღეს, რუსული არმია ხერსონის, ხარკოვის, ხმელნიცკის და სუმის დასახლებებში უტევდა.
მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორისგან განსხვავებით, გაცილებით რთული აღმოჩნდა რუსული არმიისთვის უკრაინელი ჯარისკაცების შეტევების მოგერიება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, აგრესორმა 910 მეომარი, 8 ტანკი და 23 საარტილერიო სისტემა დაკარგა. ინფორმაციას არ ავრცელებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
წარმატებული იერიშის მიუხედავად, უკრაინას საჭირო დახმარების გარეშე, მალე უკან დახევა მოუწევს - ამას შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს.
უკრაინის დასახმარებლად, 60-მილიარდიანი პაკეტი შეერთებული შტატების სენატმა 13 თებერვალს დაამტკიცა. ამის შემდეგ, პროცედურულად, დოკუმენტს უკვე კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა.