ჯანდაცვის ახალი მინისტრი, უწყების თანამშრომლებს, დღეს, პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც სამინისტროს ხელმძღვანელი შეირჩა.
რა გეგმები აქვს ჯანდაცვის ახალ ხელმძღვანელს და რა ცვლილებების გატარებას აპირებს სისტემაში? მინისტრი ახალ კონცეფციას მალე წარადგენს, თუმცა დააანონსა, რომ სამინისტრო გამჭვირვალედ იმუშავებს, პაციენტების ინტერესები კი მაქსიმალურად დაცული იქნება. მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო, რომ გადაწყვეტილებების მიღება სამედიცინო საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით მოხდეს.
პირველივე სამუშაო დღეს, მინისტრი ჯანდაცვის უწყებასთან შეკრებილ ონკოპაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ გაიზრდება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია, დაიხვეწება დაფინანსების გაცემის წესი და პრეპარატების დეფიციტიც აღმოიფხვრება. გაგრძელდება მსჯელობა ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი თანხის ლიმიტის გაზრდაზე.
უწყების ახალი ხელმძღვანელისა და სფეროს გამოწვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები. სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია სამინისტრო ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი უწყება გახდეს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ახალ მინისტრს კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მოუწევს.
ჯანდაცვის ახალ მინისტრად პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე, ოფიციალურად, გუშინ დაასახელა. ის ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეც იყო. მანამდე, ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.