25 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
უახლესი მოდელის სამაშველო ვერტმფრენი საქართველოს - ევროპული ტიპის "H 145" ვერტმფრენი უკვე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საკუთრებაშია

თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საკუთრებაშია - გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და კანადისა პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების შემდეგ, უახლესი მოდელის 3 ვერტმფრენი საქართველომ შეიძინა და ერთის გადმოცემა, გერმანიის ქალაქ დონაუვერთში, "Airbus Helicopters"-ის საწარმოში განხორციელდა.

თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენის ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს 2 ძრავა, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. ვერტმფრენს სიმაღლეზე ფრენის რეკორდიც აქვს დამყარებული. ის იყო პირველი ორძრავიანი ვერტმფრენი, რომელიც 6962 მეტრ სიმაღლეზე დაჯდა. შესაბამისად, H145-ები გამოირჩევა სიმძლავრითა და სიმაღლეზე ფრენისას მანევრულობით.

H145 ვერტმფრენს 1700 კგ ტვირთის გადატანა შეუძლია, ასევე, სატვირთო კაბინის მარჯვენა და მარცხენა გასასვლელი კარი აქვს, რაც იძლევა ორი მხრიდან მგზავრთა და ტვირთის უმოკლეს დროში განთავსების საშუალებას. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, "Airbus Helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში უკვე გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება და ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირებას ქართული ეკიპაჟი განახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ჩვენი ქვეყანა კიდევ ორ H145 ვერტმფრენს ივნისის ბოლომდე მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან, სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით, 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა.

დღის ამბები