25 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის სურვილი და მიზანია, რომ სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი - "ვეტინგის" სისტემა მათთვის არის ინსტრუმენტი, სასამართლო დაიქვემდებარონ, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ - ბექა დავითულიანი

ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სურვილი და მიზანია, რომ სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მასზე დამოკიდებული. "ვეტინგის" სისტემა მათთვის არის ინსტრუმენტი, რომ სასამართლო დაიქვემდებარონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მორჩა, ვინც გინდა გვითხრას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არ აპირებს სასამართლო სისტემა "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუგდოს ხელში. მისივე თქმით, იმ ქვეყნის სასამართლოში, რომელსაც საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს ყველა კვლევით, "ვეტინგის" სისტემა არავის სჭირდება.

"წავიდნენ და თავიანთი ქვეყნის სასამართლოებს მიხედონ. არავის არ სჭირდება სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ინსტრუმენტად გამოყენებული "ვეტინგის" სისტემით დალაგება იმ ქვეყნის სასამართლოსი, რომელსაც საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს ყველა გამოკითხვით, მათივე გამოკვლევებით. შეგვეშვან, მიხედონ თავის სასამართლოს, ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ოპოზიციას სასამართლო სისტემას ხელში არ ჩავუგდებთ. მეტსაც გეტყვით, არ ჩავუგდებთ არა მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს თავს არ მივეცით უფლება, ჩვენ გვქონოდა ზეგავლენა სასამართლოზე და როგორ მივცემთ ისეთ ძალას მაგის უფლებას, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია? - არ გამოვა ეს ამბავი. ხან "ვეტინგს" დაარქმევენ, ხან სხვა ახალ ტერმინებს შემოიღებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სურვილი, ინსტრუმენტი, სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციის გავლენის გაზრდის, რის შესაძლებლობასაც უბრალოდ, არ მივცემთ, საიდანაც გინდა შემოუარონ." - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები