წარსულის მეხსიერება დღემდე ინახავს იმ ნივთებს, რომლებმაც წლებთან ერთად ფუნქცია დაკარგა და დღეს ან თაროზეა შემოდებული, ან კიდევ ძველი ნივთების ბაზრობაზე გასაყიდად არის გამზადებული. სახლის ტელეფონი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური სიმბოლოა, რომელიც უამრავ მოგონებასა და საიდუმლოს ინახავს.
ტელეფონმა შექმნა ეპოქა, ყველა და ყველაფერი მოიცვა, შეაღწია გადასაღებ მოედანზე, გადაინაცვლა ფოტოებში და სიყვარულიც კი, საკუთარ ჩარჩოებში მოაქცია. და მაინც კითხვაზე რასთან ასოცირდება სახლის ტელეფონი? დათო ევგენიძესაც აქვს თავისი სამი ამბავი ტელეფონით. ზარი, რომელიც თბილისში ახლა მხოლოდ რამდენიმე სახლში რეკავს, ჯერ კიდევ 80-იანებში ყველა ეზოში ისმოდა. სწორედ ამ მოწყობილობის საშუალებით გადაეცემოდა ინფორმაცია ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. საუბრის შორ მანძილზე გადაცემის იდეა XIX საუკუნეში გაჩნდა, გამოგონების ავტორია ალექსანდრ გრეიამ ბელი. ზუსტად 148 წლის წინ, მან ტელეფონი დააპატენტა. პირველად საკუთარ ასისტენტს დაურეკა. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა კადრი, როდესაც სხვადასხვა ოთახში მყოფმა ადამიანებმა ერთმანეთთან ხმოვანი კავშირი დაამყარეს.
ახალი გამოგონება წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელდა მთელს მსოფლიოში და 1882 წელს, თბილისშიც აწკრიალდა პირველი ტელეფონი, ეს ამბავი კი ყველაზე კარგად თბილისურ ეზოებში ახსოვთ.
სახლის ტელეფონით დღემდე სწორედ ის თაობა სარგებლობს, ვინც მასზე მიჩვეული და დამოკიდებულია. 90-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთ მემატიანეს, გურამ წიბახაშვილსაც აქვს ერთი ამბავი ტელეფონთან დაკავშირებით. სწორედ ნომრების წიგნის საშუალებით გააკეთა მან თავისი პირველი გამოფენა.
არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არათუ იყენებენ, არამედ აგროვებენ კიდეც სახლის ტელეფონებს. ზუმბულიძეების ოჯახში 44 ისტორიული ტელეფონია. ძველი ტელეფონების შეგროვების იდეა 1989 წელს გაჩნდა.
როდის ჩაანაცვლა სახლის ტელეფონი მობილურმა, ზუსტი თარიღი არავის ახსოვს,
მაგრამ თუკი იმით ვიმსჯელებთ, რომ 148 წლის წინ, პირველი ხმოვანი შეტყობინება გაიგზავნა და დღეს უკვე ყოვლისშემძლე სმარტფონების ეპოქაში ვცხოვრობთ, საინტერესოა რა იქნება მომავალში.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი