25 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
განადგურებას გადარჩენილი 18-ათასი ქართული საგალობელი - ისტორიული ხმები გაციფრულების კვალდაკვალ, ყველა ტაძარში აჟღერდება

საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობლით იწყება. აქ ყველაფერს საკრალური დატვირთვა აქვს, ჯერ გუნდი იკრიბება, შემდეგ მრევლი, მეუფე აღსავლის კარს გაივლის და 50-კაციანი გუნდის მუსიკალური მსახურება იწყება.

საუკუნეების წინანდელი გალობის მოსმენა მორწმუნეებს მხოლოდ კვირაობით შეუძლიათ. ტრადიციულ საგალობლებთან ერთად, ძველი, მაგრამ მათთვის ახალი, აღდგენილი ნოტები ჟღერდება. თითოეული ბგერა უნიკალური კავშირის აღწერა და წარსულის ანარეკლია.

ქრონიკებში გაბნეულ 18-ათასამდე საგალობელს, წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული არქივის კედლები ხელშეუხებლად ინახავდა. მათი შესწავლა ქართველმა მეცნიერებმა რვა წლის წინ დაიწყეს. ისტორიული მემკვიდრეობის სიდიადემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

უფრო ზუსტად, მე - 19 საუკუნის 80-იან წლებში ქართული ხმების შემგროვებლები კარდაკარ დადიოდნენ, საგალობლებს უსმენდნენ და ნოტებით იწერდნენ, მუსიკალური გარდატეხაც აქედან იწყება.

როცა რუსეთის იმპერიამ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალა, ქართული გალობა ეკლესიიდან განიდევნა და ის ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ იქცა.

80-წლიანი პაუზის შემდეგ მივიწყებული საეკლესიო საგალობლები ტაძრებს დაუბრუნდა და ქართული სიმღერის მრავალფეროვანი კერაც შეიქმნა.

ყველა ნიმუშში ტრადიციული, სხვადასხვა კუთხის ჟანრული მრავალფეროვნებაა ჩაქსოვილი.შენახული და დაცული მემკვიდრეობა შესწავლის პროცესშია. სხვადასხვა თაობის დამაკავშირებელ უხილავ ძაფებზე მუშაობა რუტინული და თან საინტერესო პროცესია. ჯერ ბგერები იშიფრება, ციფრულდება, ტომები ეტაპობრივად იბეჭდება.

ეს ხმები მე-18 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს. სამეცნიერო სამუშაოების გარდა დამწყებ მგალობლებსაც ამზადებენ, რისთვისაც სპეციალური სასწავლო კურსები შექმნეს. მგალობლების შესწავლილი მრავალხმიანი ჟღერადობა დღეს ყველა კუთხის ტაძრიდან ისმის.

29 გამოცემული ტომი დაწყებული საქმის მხოლოდ ნახევარია. ქართული კულტურის ისტორიული ხმები გაციფრულების კვალდაკვალ ყველა ტაძარში გაჟღერდება.

ავტორები: ანი გენებაშვილი, ლევან ლომაძე

 

დღის ამბები