25 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კლონებში - მსჯავრდებული პრეზიდენტის მორიგი წერილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი პალატიდან ამჯერად კრიტიკანარევი რჩევის. პატიმარი პაციენტი მისგან გამიჯნულებს და ახალ პოლიტიკურ ცხოვრების გზაზე დამდგარ პარტიებს, "ნაციონალური მოძრაობის" კლონებს უწოდებს და მომავალში, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე კრახსაც უწინასწარმეტყველებს.

ვის გულისხმობს სააკაშვილი კლონებში - მისი პარტიის თავმჯდომარემ დასკვნების გამოტანა საზოგადოებას მიანდო, თუმცა ვინ და რა იგულისხმა ყოფილმა პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ორეულებში - ეს სხვებმა განმარტეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან და პარტიიდან წამოსულებს, სააკაშვილის გზავნილი საკუთარ თავზე არ მიუღიათ. მეტიც, სჯერათ, დროის გასვლის შემდეგ მათი ყოფილი ლიდერი დაინახავს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა იქამდე ნიკა მელიას გუნდი საარჩევნო მარათონში ჩაერთვება და ყოფილებს კონკურენციას გაუწევს.

ერთ დროს გამიჯნული და ისევ უკან დაბრუნებული "სტრატეგია აღმაშენებელი", სააკაშვილის წერილის ადრესატებად მელია-გვარამიას ასახელებს. კლონობა - საკუთარ თავზე არც აქ მიუღიათ. წარსულის პრაქტიკიდან გამომდინარე კი ამბობენ, რომ მთავარია პოლიტიკური პარტია ამომრჩევლის წინაშე საკუთარი იდენტობით წარსდგეს. ეს მაშინ, როცა თავად გზა მომავალ არჩევნებზე, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" იდენტობას დაუკავშირეს. 

გამონაკლისი "ევროპული საქართველოა". 2017 წელს "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულები დღეს ამბობენ, რომ სააკაშვილი ოპოზიციის დამარცხების ფორმულაა. კოლეგებს კი ურჩევენ, რომ თუ ამომრჩევლის ნდობა და გამარჯვება სურთ, სააკაშვილს გაემიჯნონ და მისგან სრულიად დამოუკიდებლები გახდნენ. 

სააკაშვილის არც რჩევა და არც გზავნილები აინტერესებთ "ლელოში". ოპოზიციურ გამარჯვებაზე და კოალიციაზე ყველა საუბრობს, თუმცა არის თუ არა ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ყოფილი ბანკირების პარტიისთვის წითელი ხაზი, ამას არ აკონკრეტებენ.

ყველა ის ოპოზიციური პარტია, ვინც ალტერნატიული ფრონტის შექმნაზე საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის" კლონია მმართველი გუნდისთვისაც. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების მცდელობებს და სტრატეგიებს კრახს უწინასწარმეტყველებენ.

ოპონენტების ახალი სტრატეგი ახალი არ არის არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის. პირველი კანონმდებელი განმარტავს, რომ ოპოზიციის რეალური ზრახვები, საზოგადოებამ დიდი ხანია კარგად იცის.

არჩევნებამდე 7 თვით ადრე, პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიების, შექმნა უკვე დაანონსებულია, თუმცა ამ სიახლის მიღმა ძველი სახელები და გვარები დგას. დაშლილი ერთობის შემდეგ არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის პარტიიდან წამოსულებმა გზა ისევ ერთმანეთს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოფიციალურად დაუკავშირონ.

ავტორი: იზი ბურნაძე, ლევან ლომაძე

დღის ამბები