25 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი დაიღუპა - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი დაიღუპა. ორივე მათგანი ქართული ლეგიონის წევრი იყო. გიორგი გოგიაშვილი და ნოდარ ნასიროვი ფრონტის ხაზთან მანქანით მოძრაობდნენ და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა,სწორედ ამ დროს ამოტრიალდა მანქანა და ორივე მებრძოლი დაიღუპა. ორივე ქართველი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ოკუპანტებს უკრაინაში 61 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპანტების მთავარი სამიზნე დღეს დონეცკის ოლქი გახდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ მინგორადში ჭურვები ჩამოყარეს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 20-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა. დაშავებული მოქალაქეები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.

დონეცკის და ასევე ხარკოვის ოლქებს ოკუპანტები S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და 40-მდე უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 35 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ოდესის, ხერსონის, კიევისა და ჟიტომირის რეგიონებში.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთისთვის ეს პირობა მიუღებელია. მეტიც, 9 მარტს ერდოღანის და ზელენკის შეხვედრა გაიმართა და როგორც გაირკვა, თურქეთი მზადაა, რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ ადამიანების სამიტზე მოწვევა, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ და კლავენ.

გასულ კვირას, "Wall Street Journal-მა" გამოაქვეყნა რუსეთსა და უკრაინას შორის წარუმატებელი სამშვიდობო შეთანხმების გეგმის დეტალები, რომელიც 2022 წლის აპრილში ანუ ომის დაწყებიდან სულ მალევე განიხილებოდა სტამბოლში შეხვედრების დროს. შეთანხმების მიხედვით უკრაინის უარი ეთქვა NATO-ში გაწევრიანებაზე. ასევე უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალური სტატუსის. უკრაინასთან ხელშეკრულების პროექტი მოიცავდა უცხოური იარაღის აკრძალვას, "ნებისმიერი ტიპის სარაკეტო იარაღის, შეიარაღებული ძალებისა და ფორმირებების ჩათვლით". გარდა ამისა, საუბარი იყო უკრაინის არმიის ზომის შემცირებაზეც. რაზეც უკრაინამ უარი თქვა.

რუსეთის ამბიციები და მიზნები რომ დიდია ეს დიმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან რუსეთის მიზნები რუკაზე წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, რუსეთი თავის ტერიტორიად მოიაზრებს, ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევის ოლქებს. პრაქტიკულად უკრაინის 80%-ს. ეს სურს მედვედევს.

უკრაინას კი დახმარება უნდა, რომელიც ისევ იგვიანებს. კიევი დასავლეთისგან კვლავ შეიარაღებას ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი კონგრესს კიდევ ერთხელ მიმართა, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამხედრო დახმარებას და გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.

დღის ამბები