25 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
გლობალური ტერორიზმის ინდექსი - საქართველო ნულოვანი მაჩვენებლით საუკეთესო პოზიციაზეა

ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების, ორი ოკუპირებული რეგიონისა და მუდმივი საფრთხეების მიუხედავად, საქართველომ ტერორიზმისგან თავისუფლებით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, საქართველო ნულოვანი მაჩვენებლით, 50 ქვეყანასთან ერთად საუკეთესო ადგილს იკავებს.

ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის, საქართველო ტერორიზმისგან თავისუფლებით საუკეთესო ოცეულშია. საპარლამენტო ოპოზიციისთვის ინდექსში ქვეყნის პოზიტიური რეიტინგი მისაღებია, თუმცა ამ მაჩვენებელს გლობალურად, ტერორიზმის საფრთხის შემცირებას უკავშირებენ.

"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მკვლევარები ინდექსის შედგენისას ისეთი ფაქტორებით ხელმძღვანელობენ, როგორიცაა ტერორისტული ინციდენტების, მსხვერპლის, დაშავებულებისა და მძევლების რაოდენობა. გლობალური ტერორიზმის საფრთხეების მხრივ საქართველოს მდგომარეობა 2013-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რადგან 2012 წლის ანგარიშით, საქართველო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა. ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის კი, ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელი, მე-7 პოზიცია ჰქონდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო არბიტრები ქვეყნის წინსვლას ადეკვატურად აფასებენ.

კვლევის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში ტერორიზმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ. თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტერორისტული ინციდენტები შემცირებულია.

დღის ამბები