25 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ათასობით ადამიანი და კილომეტრიანი რიგი - ალექსეი ნავალნი სიკვდილიდან 2 კვირის შემდეგ "ეფესბეს" თანხლებით დაკრძალეს 

"დიდება გმირებს", "პუტინი მკვლელია" - მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე ალექსეი ნავალნი შეძახილების და ტაშის თანხლებით დაკრძალეს. შესრულდა მისი 2 საყვარელი კომპოზიციაც: ფრენკ სინატრას "მაი ვეი" და მელოდია ფილმიდან "ტერმინატორი 2"

ნავალნის მშობლებს, რიგითი მოქალაქეები დღეს მადლობას უხდიდნენ. რუსეთის ხელისუფლების და პირადად ვლადიმირ პუტინის უშიშარი და აქტიური ოპონენტი - ასე მოიხსენიებდნენ ოპოზიციონერს მასთან გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები.

ღვთისმშობლის ხატის ტაძართან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციონერის ხსოვნას პატივი მიაგეს რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის ელჩებმა.

შიშის საბაბი ადგილობრივებს ნამდვილად ჰქონდათ. ეკლესიასთან და ბორისოვის სასაფლაოსთან დილიდან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული. დაკავების საფრთხის მიუხედავად მოქალაქეები მაინც აქტიურობდნენ. ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად მისულ ადამიანთა რიგი 1 კილომეტრს აჭარბებდა.

გარდაცვალების შემდეგაც კრემლს ნავალნის ოჯახისთვის სათქმელი არაფერი აქვს. დღეს პუტინის პრესსპიკერს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის წარმომადგენელმა ერთი და იგივე შეკითხვით მიმართა.

კრემლი დუმდა 2020-შიც, მაშინ, როცა გერმანელმა ექიმებმა ე.წ. ნოვიჩოკით ნავალნის მოწამვლის შესახებ განაცხადეს. რეაბილიტაციის რამდენიმე თვიანი კურსის შემდეგ, ოპოზიციონერმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - დაკავების და ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის მიუხედავად.

ექსტრემიზმის ბრალდებით ნავალნის 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენჯერმე შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება და ბოლოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე, განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულება "პოლარულ მგელში" გადაიყვანეს. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ 15 თებერვალს განაცხადა. ოფიციალურ მიზეზად "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დასახელდა. ოპოზიციონერის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ პუტინის პირადი პატიმარი - მოკლეს. ამას მათი თქმით, მოწმობს ის გარემოებაც, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს, სიკვდილიდან მერვე დღეს გადასცეს.

 

დღის ამბები