25 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია საქართველოს მოქალაქეებისთვის - თინა ბოკუჩავა

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს და ინიციატივას 2 კვირის ვადაში მოამზადებს. სახელისუფლებო გუნდში ასევე აცხადებენ, რომ, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.

მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან სავარაუდო აგრესიული კამპანიის მოლოდინშია, ოპოზიცია კი თვლის, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ქართული ოცნება" საუბრობს ყველაფერზე, რეალური პრობლემების გარდა.

"საჭიროა იმგვარი ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას... ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალურია და პრობლემურია საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს აფასებენ "გირჩშიც".

"მე არ ვიცი, ჯერ რას მთავაზობენ. "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ყველა ის იდენტობის დამახასიათებელი კანონი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მუშაობს. იდენტობის პოლიტიკა კარგავს თავის პოზიციას. მაგალითად, ამერიკაში დიდი წინააღმდეგობა აქვს და არა მგონია დიდხანს გასტანოს ამ ყველაფერმა. უცნაური იქნება "ქართულმა ოცნებამ" რაღაც კანონები მიიღოს, თუ არ დაიწყებს იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც მართლა ლგბტ პროპაგანდის შინაარსის მატარებელია. ჩვენ კანონპროექტი შემოტანილი გვაქვს, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა კანონიდან სიტყვა გენდერი ამოაქვს და ქალისა და კაცის უფლებებზე საუბარი რჩება დამატებითი სისულელეებისა და მავნებლობების გარეშე", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები