25 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

მოლაპარაკებები გაიმართა ასევე, გარემოს დაცვის, ოკეანეების და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარ ვირგინიუს სინკევიჩიუსთან, სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარ იანუშ ვოიციეხოვსკისთან და ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ-დირექტორთან სანდრა გალინასთან.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებას, რისთვისაც საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ოთარ შამუგიამ ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო მინისტრთა კონფერენციაზეც.

"საქართველომ ძალიან მალევე ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებიდან, მიიღო კონკრეტული გეგმა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ასევე, სექტორულ ნაწილში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის კუთხით გაცემულ რეკომენდაციებზე შექმნილი გვაქვს ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს კონკრეტულ ვადებში და დროში ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. კომისრების მხრიდან ხაზი გაესვა მიღწეულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა სრული მზად ყოფნა შემდგომი მხარდაჭერის გაგრძელების ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.

დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო ეფექტურად ახორციელებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და არის წინსვლა ამ კუთხით. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის ევროკავშირისთვისაც და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხითაც. მე მახსოვს, როდესაც პოლონეთი ხდებოდა ევროკავშირის წევრი, სოფლის მეურნეობა იყო ზუსტად ერთ-ერთი რთული საკითხი მოლაპარაკებების პროცესშიც და გაწევრიანების პროცესშიც. ამიტომ საქართველოს გაწევრიანებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ასპექტიც უსაფრთხოებისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ველოდებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას," - აცხადებს სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარი იანუშ ვოიციეხოვსკი.

დღის ამბები