საქართველოს რაგბის ნაკრებსა და ქართულ კლუბ "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. ქართველ "ბორჯღალოსნებს", მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და ბრიტანელმა მწვრთნელმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად დღეს მოაწერეს.
კოკერილი ბორჯღალოსნების და პირველი ქართული ფრანშიზის მწვრთნელი, 4 წლის ვადით, 1+3 სისტემით დაინიშნა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ მისი შედეგები გადაიხედება და გადაწყდება, დარჩება თუ არა გუნდებში მომდევნო 3 წელი.
53 წლის სპეციალისტი, სხვადასხვა დროს, "ლესტერ თაიგერსს", "ედინბურგსა" და "ტულონს" ავარჯიშებდა. მას გამოცდილება სანაკრებო დონეზეც აქვს. ის ინგლისის ნაკრებში წინახაზელების მწვრთნელი იყო. რიჩარდ კოკერილის ოფიციალური, სადებიუტო მატჩი 4 თებერვალს, გერმანიასთან შედგება.