მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ადვოკატის განცხადებით, ის ილაპარაკებს 7-8 მარტის აქციების დროს განვითარებულ მოვლენებზე.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები უნდა გამოეკითხათ, თუმცა, ადვოკატების შუამდგომლობით, მოწმეების დაკითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მათ თქვეს, რომ ისინი არ ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ოჯახი და გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენის გამოცხადებისთანავე ისინი სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.
"მოწმეები დაცვის მხარის მიერ მოიხსნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხსენებული მოწმეები აფიქსირებდნენ იმ ფაქტს, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად იმყოფებოდა 8-9 მარტის აქციებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, არც დაცვის მხარე არ დავობს, რომ ლაზარე ნამდვილად იმყოფებოდა 8-9 მარტის აქციებზე, თუმცა დაცვის მხარე დავობს იმაზე, თუ ვის მიერ იქნა ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილი". აქედან გამომდინარე, დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, დაცვის მხარემ თავად ლაზარესთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა მისი დასაკითხი მოწმეები,"- აცხადებს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულიად საკმარისია, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
"ბრალდების მხარემ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა დასაკითხ პირთა სიაში მითითებულ პირებზე და, მათ შორის, ბრალდებულის პოზიციაც არის, რომ არ აძლევს ჩვენებას სასამართლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ მოწმეებთან დაკავშირებით უთითებდნენ, რომ ეს მოწმეები ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ თქვა, რომ აღნიშნულ მოწმეებს არ დაკითხავდა. სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, ასევე, ექსპერტიზის დასკვნები იქნა გამოკვლეული, დაიკითხნენ ექსპერტები, ვიდეოჩანაწერები და აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობა, ბრალდების მხარის შეფასებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის სრულად საკმარისია. ლოგიკურია, რომ მტკიცებულებებს უფრო ვრცლად გავშლით დასკვნით სიტყვაში," - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.