25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
თბილისი, რუსთავი, მარნეული, ქუთაისი - პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ახალი წლის ღამეს ათობით ადამიანი დაშავდა

ერთდროულად, ათობით ზარი 112-ში ახალი წლის დადგომიდან მალევე შევიდა. პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები და მათი ახლობლები სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ. ყველაზე მძიმე შემთხვევა მარნეულში მოხდა. მხოლოდ აქ, კლინიკა "ავერსმა" ათამდე პაციენტი მიიღო. ისტორია ყველას შემთხვევაში ერთნაირია, თუმცა დაზიანების სიმძიმე განსხვავებული. ყველა მათგანს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა.

მაჯის ამპუტაცია 41 წლის მამაკაცს დასჭირდა. დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ მისი შენარჩუნება ექიმებმა ვეღარ შეძლეს. პაციენტი კამერებთან არ ჩნდება, თუმცა ექიმებთან პირად საუბარში ამბობს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ვადაგასული პიროტექნიკა გახდა. ამავე ღამეს მედიკოსებმა მარნეულში კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. ორის შემთხვევაში თითების მოკვეთა გახდა აუცილებელი. ხელზე ოპერაცია დაჭირდა ერთ მოზარდსაც.

თითები დაკარგა არასრულწლოვანმა რუსთავშიც. ქალაქში ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვებს სახიფათო გასართობი ხელში აუფეთქდათ. ახალი წლის ღამეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "რუსთავში" დაუდევრობით მიყენებული დაზიანებებით 8 ადამიანი შეიყვანეს. პაციენტებს შორის, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრიცაა.

პიროტექნიკით დაშავებულ პაციენტებს მკურნალობენ ქუთაისშიც. ისტორია, როგორც სხვაგან, აქაც ანალოგიურია - მათ კიდურებზე ტრავმები აფეთქების შედეგად მიიღეს. დაშავებულებს გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციები ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდათ.

აფეთქებით მიყენებული ტრავმების რამდენიმე შემთხვევა მოხდა თბილისშიც. მედიკოსები ამბობენ, რომ ფაქტების რაოდენობა წელს ნაკლებია, თუმცა ტრავმები უფრო მძიმე იყო.

დღის ამბები