25 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ტურბულენტური წელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის - თვალი გადავავლოთ 2023 წელს

შესრულებული მისია - საქართველო 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აცილებს. ეს არა მხოლოდ წლის მოვლენაა. ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი ფურცელია, რომლითაც თითოეული ჩვენგანი მუდამ იამაყებს.

ბევრი წლის შემდეგ, ევროკავშირი ისევ ფართოვდება და ამჯერად ამ შეუქცევადი პროცესის ნაწილი საქართველოა - პირველი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც ევროკავშირის კარის შეღებით სტიმულს მთელ ჩვენს რეგიონს მისცემს.
2023 წლის 14 დეკემბერი - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. "იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“– ასე ამცნო შარლ მიშელმა ყველას წლის მთავარი მოვლენა.

2023 წლის მთავარი შიდა პოლიტიკური მოვლენა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახდა. წლის დასრულებამდე 2 დღით ადრე, 30 დეკემბერს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მოულოდნელად, პარტიის ყრილობაზე გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე,
მესამედ პოლიტიკაში - ახალი მიზეზებით, გამოწვევებით და მიზნებით. "ქართული ოცნება" ახალ პოლიტიკურ წელს ისევ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხვდება.

ყველაფერი ცხადად თქვა. მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ქართული ოპოზიციის განულება. დაპირისპირების და კორუფციის რისკები მმართველ პარტიაში, რომელსაც დაზღვევა სჭირდება.
და მთავარი: გეგმები 2030 წლამდე: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა და ტერიტორიულის მთლიანობის აღდგენა.

ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველო 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის ახალი ეტაპით ხვდება.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას კი, წინ რთული ერთი წელი უძღოდა. ევროკომისიის დავალებები და რეკომენდაციები, მუდმივი პოლიტიკური ბატალიები და ამ ფონზე გატარებული აუცილებელი რეფორმები, ბრიუსელმა დააფასა. ევროკომისიამ რეკომენდაცია ამჯერად უკვე ევროკავშირის უმაღლესი ორგანოსთვის - ევროპული საბჭოსთვის გასცა: 8 ნოემბერს გამოცხადდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ამ სასიხარულო ამბავს, წინ უძღოდა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, 6 ნოემბერს ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა, რეალურად კი რუსულმა ოკუპაციამ, კირბალის ლომისის ეკლესიასთან ,58 წლის თამაზ გინტური იმსხვერპლა. კიდევ ერთი ქართველის სისხლი და მისი ჩაცხრილული მანქანა მორიგი არგუმენტი გახდა დასავლეთისთვის, რატომ არ უნდა დატოვონ რუსეთის პირისპირ ევროკავშირის კარზე წლების განმავლობაში მომლოდინე პატარა კავკასიური ქვეყანა.

2023 წელი, დატვირთული იყო შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებითაც, მათ შორის, ხელისუფლების შტოებს შორის. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადაში, 2023 წელი შევა, როგორც მმართველ პარტიასთან უკიდურესად გამწვავებული პერიოდი. საქმე იმპიჩმენტამდეც მივიდა. პრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, თუმცა საჭირო იყო 100. იმპიჩმენტი ჩავარდა, თუმცა ამის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. ამ ვერდიქტს, ხელი 16 ოქტომბერს, 9 მოსამართლიდან ექვსმა მოაწერა.

პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ამ წელს ბევრ საკითხზე ჰქონდათ უთანხმოება. იყო რამდენიმე ვეტო და ამდენივე ვეტოს დაძლევა. "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ე.წ აგენტების კანონზეც, რომელიც "ხალხის ძალამ" დააინიციირა და თითქმის მთელმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა მმართველმა ძალამ კანონი უკან წაიღო. "უცხოელი აგენტების" კანონის მიღებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქუჩაში გამოსული ათობით ათასი ადამიანი, ძირითადად კი, ახალგაზრდები ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას ითხოვდნენ.

"ხალხის ძალის" ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ხელჩართული ჩხუბი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. დეპუტატებმა მაგიდები ააყირავეს. იყო გინება, შეურაცხყოფა და სხდომათა დარბაზიდან გაძევებაც.

7-8 მარტს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ეს მას შემდეგ, რაც მომიტინგეების ნაწილმა, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა და მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. დააკავეს ასზე მეტი აქტივისტი, თუმცა წინა წლების დარბევების ფონზე, აქციის ასეთი ფორმით დაშლაც 2023 წლის პროგრესად დარჩება. პროტესტის შემდეგ, მმართველმა პარტიამ კანონი უკან გაიწვია.

საქართველომ უარი თქვა ევროკავშირმა კი, პროცესი დაიწყო. 12 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა "დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხო ქვეყნის ლობისტური ჩარევის გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

2023 წელს, პირველად ისტორიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა საქართველოს მოქალაქეები: სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. შეერთებულ შტატებში შესვლა არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეკრძალებათ.

კიდევ უფრო მძიმე სანქცია დაედო ყოფილ მთავარ პროკურორს. ოთარ ფარცხალაძეს, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში, ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერთან კავშირში მხილებული ფარცხალაძე, საბოლოოდ მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა დარჩა.

სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილ მთავარ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე კი შეიწყალა. "რუსთავი2-ის" საქმეზე მსჯავრდადებული ნიკა გვარამია 3 წლისა და 6 თვის ნაცვლად, საპატიმროდან წელიწადსა და ერთ თვეში პრეზიდენტის შეწყალების აქტით გამოვიდა.

თუ კანდიდატის სტატუსი წლის ყველაზე სასიხარულო მოვლენა იყო, ყველაზე ტრაგიკული შოვის ტრაგედია გახდა.
ღვარცოფი რაჭის კურორტზე, 2023 წლის 3 აგვისტოს შუადღის სამი საათისთვის მოვარდა. ტალახისა და ლაფის მასამ, მთელი შოვი რამდენიმე წუთში დაფარა. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ხიდები, გზები, მანქანები და ასწლოვანი ხეები, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული წაღებული სიცოცხლეები გახდა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. დაიღუპა 32, მათ შორის, უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.


სტიქია, ქვეყანას, პერიოდულად, მთელი წლის განმავლობაში უტევდა. გამორჩეული იყო გურიის წყალდიდობა.
დაიტბორა და დაიმეწყრა არაერთი სოფელი. ნაწილი გარე სამყაროს მოწყდა. 8 სექტემბრის სტიქიამ, გურიაში 3 ადამიანი იმსხვერპლა, საიდანაც ორი ბავშვი იყო.


სტიქიური უბედურება დაატყდა თავს "ნაციონალურ მოძრაობასაც", რომელიც 2024 წელს, ბანაკებად დაშლილი ხვდება. ამაში კი დიდი წვლილი, ყოფილ ძალოვან მინისტრებს მიუძღვის. ყველაფერი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებით დაიწყო, სადაც კეზერაშვილი -მერაბიშვილის ფრთამ გაიმარჯვა და თავმჯდომარე, მათი ფავორიტი, ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილიც ისტორიაში შევა. ახალ თავმჯდომარეს პარტია ერთ წელიწადში ორად გაეყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2023 წელს, არა მხოლოდ ასეულობით წევრი, არამედ თვითმმართველობებიც დაკარგა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის 27 ნოემბერს თან კეზერაშვილის ტელევიზიის ეთერით გარიცხეს, თან თვითონ წავიდა პარტიიდან. ამ განცხადების გასაკეთებლად, მას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ახლა ნიკა მელია ძველი "ნაციონალებით", ახალი პარტიის შესაქმნელად ემზადება.


"მისტერ ოფშორი" და ევროპელი პენსიონერების მძარცველი - 2023 წელს დავით კეზერაშვილი მსოფლიომ ამ სახელით გაიცნო. "ბიბისიმ“ ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო ფილმი აჩვენა, სადაც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტრანს ნაციონალური საერთაშორისო თაღლითური სქემის სათავეშია. კეზერაშვილი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოპოვებულ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გაერთიანებული სამეფოდან საცხოვრებლად კვიპროსში მაინც გადავიდა.


2023 წელი ერთ-ერთი მთავარი ძებნილის აყვანით დაიწყო. 3 წლიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ნომერ პირველი დამნაშავე: ბადრი ესებუა დააკავა. ზუგდიდის "საქართველო ბანკის" ფილიალის მძარცველი, რომელმაც ბანკიდან ნახევარი მილიონი ლარი წაიღო ზუგდიდშივე იპოვეს.
მას, 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


2023 წელი უპრეცედენტო იყო უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაშიც. საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისს კიდევ ერთი დემარში მოუწყო.

ამჯერად, მან საქართველოს ელჩს მოსთხოვა 48 საათში უკრაინის ტერიტორიის დატოვება. ქართველი დიპლომატი, რომელსაც კიევი მაშინაც კი არ დაუტოვებია, როდესაც ელჩები მთელმა მსოფლიომ გახიზნა, უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით გააძევეს. "მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“ - ეს იყო ოფიციალური თბილის პასუხი უკრაინის პრეზიდენტის არა მეგობრულ ჟესტზე.


ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის პარალელურად, საქართველომ ახალი ფურცელი გადაშალა ჩინეთთან ურთიერთობაშიც. ირაკლი ღარიბაშვილმა, სი ძინ პინთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. დოკუმენტი ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური, ეკონომიკური , კულტურული და საერთაშორისო. ამ ხელშეკრულებით საქართველომ, როგორც შუა დერეფნის პროექტის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.


ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შემდეგ, საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. თბილისში 60 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატი ჩამოვიდა. მათ შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები. საქართველომ კიდევ ერთხელ ითამაშა რეგიონში მთავარი მშვიდობისმყოფელის როლი, რაც ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმაც აღნიშნეს.

ამრიგად, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს როგორც ევროპასთან ისე ჩინეთთან. სტრატეგიული პროექტებით და სამშვიდობო პოლიტიკით კი ის რეგიონში ერთ ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეც ხდება.

უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ზღვაზე გასასვლელით, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. საქართველოს 2023 წელმა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა, 2024 ამ შესაძლებლობების რეალიზების წელიწადი უნდა გახდეს.

დღის ამბები