"ახალი წლის დღეები" საქართველოში გრძელდება. მასშტაბურ ღონისძიებას მარტვილი დილიდან მასპინძლობს. დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ახალი წლის თემატიკით შექმნილი არა ერთი აქტივობა იმართება. თავისუფლების ქუჩაზე მოსულ ადგილობრივებს საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები და ფოტო-გადასაღები სტენდები დახვდათ. ღონისძიებაზე მეწარმეებს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი
წლის მთავარი საახალწლო ღონისძიებას ვანმაც უმასპინძლა. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის და საახალწლო ინსტალაციების ფონზე ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე ზღაპრის კოსტიუმირებული გმირებიც ზრუნავდნენ. ვანი ახალ წელს, ახალი საახალწლო განათებებით ხვდება, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციისგან საჩუქრად გადაეცა.
ვანის მოსახლეობისთვის საღამოს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ახალი წლის მოახლოება ბოლნისშიც იზეიმეს. მერიის მიმდებარედ, საშობაო ბაზრობა მოეწყო. ღონისძიების პატარა სტუმრები ილუზიონისტმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა გაახალისეს, სანტამ კი მათ საჩუქრები გადასცა.
ახალი წლის დღეების ღონისძიების მასპინძელია ჩხოროწყუც. ადგილობრივების ყურადღება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილმა საახალწლო ინსტალაციებმა მიიქცია. ცენტრალურ ქუჩაზე კოსტიუმირებული საახალწლო და ზღაპრის გმირები გადაადგილდებოდნენ.
საზეიმო განწყობა გორშიც დილიდან შეინიშნებოდა. სპეციალურად მოწყობილი დახლები ყველა თაობის წარმომადგენლისთვის საინტერესო აღმოჩნდა. პატარებს ჰქონდათ შესაძლებლობა თოვლის ბაბუას შეხვედროდნენ.
საახალწლო ღონისძიებების მასპინძელ მუნიციპალიტეტებს შორის ნაძვის ხე საზეიმოდ რამდენიმე რეგიონში აინთო. ახალი წლის მოახლოება ამბროლაურში, ჩოხატაურსა და ქობულეთშიც იგრძნობოდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღეები საქართველოში 63 მუნიციპალიტეტში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ხვალ მასშტაბურ საახალწლო ღონისძიებას წალკის, თერჯოლის მარნეულის და შუახევის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ.