25 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"ლელოდან" ხაზარაძეების ფონდამდე - მამუკა ხაზარაძის საპარლამენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე დაწყებული ქველმოქმედების არ სჯერა მმართველ გუნდს და ოპოზიციის ნაწილს

"ხაზარაძეების ფონდი" ყოფილი ბიზნესმენისა და პარტია "ლელოს" დამფუძნებლის ოჯახმა გუშინ ოფიციალურად დააფუძნა. პოლიტიკოსის მტკიცებით, გაერთიანება, რომლის მთავარი დონორიც თავადვე იქნება, მხოლოდ სახელოვნებო სფეროს განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მამუკა ხაზარაძის გულწრფელი ქველმოქმედების არ სჯერათ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყოფილი ბანკირი ამომრჩევლის მოსყიდვას ამ ფორმით ცდილობს.

"ლელოს" თავმჯდომარის დონაციით შექმნილი ფონდი კითხვებს არასამთავრობო სექტორის ნაწილისთვისაც აჩენს. სამოქალაქო საზოგადოებაში არ გამორიცხავენ, რომ ფონდი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ამბობენ, რომ "ხაზარაძეების ფონდის" საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად დააკვირდებიან.

საუბარს "ხაზარაძეების ფონდის" შესაძლო პოლიტიკური მოსყიდვის იარაღად გამოყენებაზე, აბსურდულს უწოდებენ "ლელოს" წევრები. ხაზარაძის პოლიტიკური გუნდის პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" იზიარებენ.

მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედების მიღმა, სხვა პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს "გირჩი". პარტიაში ყოფილ ბიზნესმენს პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნეს და არასწორი ინვესტიციების გამოც გააკრიტიკეს.

პოლიტიკური ოპონენტის საქველმოქმედო მიზნების მიღმა, საეჭვო საარჩევნო სვლებს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, "ხაზარაძეების ფონდის" გაცხადებული მიზნები არადამაჯერებელია. პოლიტიკოსები, ყოფილი ბიზნესმენის მცდელობის მიუხედავად, დარწმუნებულები არიან, რომ "ლელოს" არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

"ხაზარაძეების ფონდი" ოფიციალურად უკვე დაფუძნებულია. ყოფილი ბანკირის და მისი ოჯახის დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია საარჩევნო წელიდან კულტურისა და ხელოვნების სფეროში არსებულ პროექტებს დააფინანსებს.

დღის ამბები