ძლიერი ქარი თბილისში - რუსთაველის გამზირზე შენობიდან შუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც კონტროლიორი დაშავდა. ფაქტი მელიქ აზარიანცის სახლთან მოხდა.
რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო ილუმინაციები.
წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებული პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მერიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოს. დაზიანდა შენობის ფასადი და ჩაიმსხვრა მინები. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტებს და მომსახურე პერსონალს საფრთხე არ ემუქრებათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიაში აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.