ანტიკორუფციულმა ბიურომ წლის ანგარიში წარადგინა. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამსახურმა წლის განმავლობაში 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, დაჯარიმებულია თანამდებობის 109 პირი, 220-ის მიმართ მიმდინარეობს დეკლარაციის მონიტორინგი.
შემოწმდა ასევე პოლიტიკური პარტიების 93 დეკლარაცია და საარჩევნო კამპანიის 7 ფონდის ანგარიშები. დადგინდა, რომ 11-მა პარტიამ 13-ჯერ დაარღვია კანონი, დაჯარიმდა 7 პარტია.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში.
"ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არის ძალიან აქტიური, თანამშრომლობაზე, კონსულტაციებზე, მონიტორინგზე ორიენტირებული. ის აქტიურად შეუდგა საქმიანობას, რასაც ანგარიშიც ადასტურებს
ბიზნესმენები, ინვესტორები, ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, რომ ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე," - აღნიშნა თალაკვაძემ.