25 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
პარლამენტში პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

პარტიამ „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. წინადადება სახელწოდებით "თანაბარი შრომის ანაზღაურება" უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარტიის საკრებულოს დეპუტატმა შეიტანა.

ავტორების განცხადებით, კანონი უნდა არეგულირებდეს გენდერულ სახელფასო სხვაობას და არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციას. პარტია მიიჩნევს, რომ კანონში “თანაბარი შრომისა” და თანაბარი ღირებულებების” ცნების გაჩენა ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარ პირობებში ამყოფებს.

"ჩვენ, დღეს, პარტია „ხალხისთვის“ სახელით, საკანონმდებლო წინადადება დავარეგისტრირეთ იმისთვის, რომ, თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, მოქალაქემ, განურჩევლად სქესისა, თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურება მიიღოს. სამწუხაროდ, სახელფასო სხვაობებით განპირობებული გენდერული დისკრიმინაცია ძალიან მაღალია. საშუალოდ, ქალისა და მამაკაცის ხელფასების ზრდა, რომელიც ყოველწლიურად ხდება, ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. მაგალითად, მამაკაცის ხელფასი თუ იზრდება 221 ლარით, ქალის იზრდება 160 ლარით. ეს სტატისტიკა ამ ყველაფერს გვიჩვენებს. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი ძალიან ბევრი ქალი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოს ასრულებენ. ინიციატივა შეგვაქვს იმისთვის, რომ გაჩნდეს ტერმინი - თანაბარი ღირებულების სამუშაოს ანაზღაურება და არა მხოლოდ, თანაბარი შრომა. ეს წინადადება შეგვაქვს არა მხოლოდ შრომის კოდექსში, არამედ საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც", - განაცხადა ნინო წულაძემ.

დღის ამბები