25 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში და საქართველო, როგორც შტატების ძლიერი პარტნიორი - რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ უმაღლესი შეფასების მისაღებად

საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი – სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში ქვეყნის ნაბიჯები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დადებითად შეფასდა. ამერიკა პოზიტიურად მიიჩნევს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში კონტრტერორისტული მიმართულებით განხორციელდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება - ამ კუთხით, ხაზი აქვს გასმული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარ უწყებას.

ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია იმ კონკრეტულ კონტრტერორისტულ ღონისძიებებზე, რომელმაც ქვეყანას ტერორისტული საფრთხეები აარიდა. მათ შორის, დოკუმენტში მოხვდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაურის, ცეზარ ტოხოსაშვილის ძმის, ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვისთვის დაკავებული 5 პირის მსჯავრდებულად ცნობა და ისრაელის მოქალაქის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტი. ამ პროცესში, სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, პროკურატორის მნიშვნელოვან როლზეც საუბრობს.

კონტრტერორისტული ღონისძიებების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზეც, რომელიც ქვეყანამ სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით მიაღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობამ შეასრულა. დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნატო-ს მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის საზღვაო ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერატიულ პარტნიორად ცნობასაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პოზიტიური გზავნილებს აფასებენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროგრესის მიმართ დადებითი შეფასება შეერთებული შტატებისგან მნიშვნელოვანია.

სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ უმაღლესი შეფასება, რომელიც საქართველომ შეერთებული შტატებისგან მიიღო, რეალური ფაქტებითა და იმ შედეგებით არის განპირობებული, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს აქვთ. "ქართული ოცნების" თქმით, ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ ქვეყანამ, უსაფრთხოების ნაწილში, უდიდესს პროგრესს მიაღწია.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ კომისიაზეც, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მოტივით შეიქმნა. ვკითხულობთ იმასაც, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის - ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

დღის ამბები