26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქალაქ ზაგრებში შეხვდა

მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრემიერმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ასევე ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აგრეთვე საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას, რაც ორი ქვეყნის მეგობრობას და თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროსა და ნაყოფიერს ხდის.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებას.

ხაზი გაესვა აგრეთვე ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ორი ქვეყნის 30- წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის პროცესში გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო წაახალისოს დარგობრივი უწყებები და გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ორ ქვეყანას შორის ბიზნესტრატეგიების გაცვლას, რაც გაზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ხორვატიული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

დღის ამბები