რუსთავის მერმა სატრანსპორტო რეფორმის და პროექტების შესახებ პრეზენტაცია მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს წარუდგინა. ოფიციალური ინფორმაციით, რეფორმა მოიცავს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანასაც. მერმა ისაუბრა სახელფასო პოლიტიკაზეც და თქვა, რომ მძღოლების და კონტროლიორების ანაზღაურება მიმდინარე წელს მეორედ გაიზარდა.
"რუსთავში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა, რომლითაც გავაუმჯობესეთ შიდა საგზაო მიმოსვლა, ასევე, ვმუშაობთ რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა სიახლე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის სახელფასო პოლიტიკა, ორჯერ გაიზარდა უკვე ხელფასები. ასევე, ვისაუბრეთ ყველა იმ სამომავლო გეგმაზე, რომელიც გააუმჯობესებს რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას," - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.