26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელმაც მიშა მშვილდაძეს საკუთარი საჯარო განცხადებების გამო სცემა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ნიკოლოზ გუგეშაშვილს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ახლა გისოსებს მიღმა მინიმუმ 2 თვის გატარება მოუწევს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკოლოზ გუგეშაშვილის მხარდამჭერებიც გამოჩდნენ. მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს, ვატო შაქარაშვილი კი ბრალდებულს თავდებში უდგება.

თავად დაზარალებულმა მშვილდაძემ საქმის ახალ გარემოებებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ტელეწამყვანი ირწმუნება, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა სახელმწიფოს მიერ იყო დაკვეთილი. მიშა მშვილდაძის ბრალდებებს ფაქტების გარეშე აბსურდულს უწოდებს სახელისუფლებო პარტია. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თავადაც არ უნდა აკეთებდნენ მაპროვოცირებელ განცხადებებს.

დაზარალებულმა სასამართლო პროცესამდე თავდასხმის დეტალებზე კიდევ ერთხელ, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მიშა მშვილდაძე ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.​

ტელეწამყვანზე განხორციელებული ძალადობის გამო, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ფიქრობს, რომ მშვილდაძე ორგანიზებული ძალადობის მსხვერპლია.​

ტელეწამყვანზე განხორციელებული ძალადობის მიზეზად მმართველი გუნდი მშვილდაძის აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობა ""ფორმულის"" ერთ-ერთ დამფუძნებელს, აგრესიის წახალისების ნაცვლად, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრებას ურჩევს.

ტელეკომპანია ""ფორმულას"" ერთ-ერთი დამფუძნებელზე თავდასხმა ვაჟა ფშაველას 39 ნომერთან მოხდა. ძალადობის საქმეზე ერთ პირია დაკავებული, მიშა მშვილდაძეს კი გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები