26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ირაკლი შოთაძე დევიდ ო’სალივანს, ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა, ერთობლივად იქნეს განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები.

"გენერალურმა პროკურორმა დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან რეაგირების და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების მიმართულებით პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევების დროს, პროკურატურის ეფექტიან მუშაობას.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები