26 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება - შალვა პაპუაშვილი პოლიციელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული პოლიციის დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

"ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის, დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე. დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს.წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა. ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის.თქვენ ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.უკანასკნელ პერიოდში არა ერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.პოლიციის დღეს და პოლიციელების დღეს, დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მწუხარება გამოთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების გამო.

 

დღის ამბები