26 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2008 წელს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. ამის შესახებ პრემიერმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"მინდა, ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი წარმოებდა საქართველოში. დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს ორი სამხედრო ბაზა და ეს არის შედეგი დამანგრეველი ომისა," – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რომ იყო თუ არა აქტიური, არაპროვოცირებული აგრესია, ღარიბაშვილმა განაცხადა:

"არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს იმ დროს არ მიექცა საკმარისი ყურადღება.

"რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ დაუწესა რუსეთს სანქციები. მე ასე ვფიქრობ, ასე მწამს, რომ უნდა დაეწესებინათ. ჩვენთვის რა განსხვავებაა, ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი, ხომ?! ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები