26 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია - ამასთან, მკაფიოა პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ირაკლი ღარიბაშვილს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, ყველა აქცენტი გაკეთდა იმაზე, რაც უკავშირდება საქართველოს პრიორიტეტებს და საქართველოს პოლიტიკას“.

„მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, მკაფიო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავშლით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა კატარის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან განცხადების იმ ნაწილზე, სადაც პრემიერი ამბობს, რომ „კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი“.

„ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. მე შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი,პრეზიდენტის შემდეგ ამაზე მაღალი თანამდებობის პირი არ არსებობს. დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. პოდოლიაკი, რომელი დღემდე გახლავთ ზელენსკის მთავარი მრჩეველი ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი იცოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები