26 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ საჩუქარს ახლა - კელი დეგნანი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე ისაუბრა.

კელი დეგნანის თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ საჩუქარს ახლა. მისი განმარტებით, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

"ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა მუშაობა. ეს არის კომერციული გადაწყვეტილება, კომერციული ავიახაზების. რა თქმა უნდა, ამას მხარს დავუჭერთ ჩვენც, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა.

რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მესმის ქართველი ხალხის შეშფოთება. ჩნდება კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს ახლა, რატომ აძლევს პუტინი საჩუქარს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ქართველების უმეტესობას გაახარებდა ის, რომ მან გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნებოდა ძალიან შინაარსიანი და მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ ყველამ ვიცით პუტინი უფასოდ არავის არაფერს აძლევს. რა თქმა უნდა უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ბევრ ასეთ ავიაკომპანიას არ აქვს სათანადო ნაწილები და მომსახურება და ეს აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების კუთხით. სხვაობა კი ახლა ის არის 2019 წელთან მიმართებით, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი. დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა. მართლაც გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს მისასალმებელი ასეთი ჟესტი და საჩუქარი ისეთი სასტიკი აგრესორისგან როგორიც რუსეთია", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები