26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პრეზიდენტი ცესკოს დაკომპლექტების შესახებ ახალ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, ვეტოს ადებს.

პრეზიდენტის შეფასებით, "ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს" :

"უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.

პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები