26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ოპონენტების ნაწილს პასუხობს - რა გამოდის, მათ აქვთ "ქოლცენტრები“ და ითხოვენ, ჩვენივე "ქოლცენტრების" საქმეს თავად გამოვიძიებთო

მამუკა მდინარაძე "ქოლცენტრების" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად გახსნეს ე.წ. "ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული საქმეები, რომლებშიც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის სახელი საეჭვოდ იკვეთება.

"კომისიას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გამოდის, ამ ლოგიკას თუ გავყვებით: მათ აქვთ "ქოლცენტრები" და მოდი, ამ ჩვენი "ქოლცენტრების" საქმეს თავადვე გამოვიძიებთო, ეს მოთხოვნა ჰქონიათ.

შეფასებებს დავანებოთ ჯერ თავი, რასთან გვაქვს საქმე, რა დევს ხელის გულზე და რა ფაქტებია: ქართველმა სამართალდამცავებმა გახსნეს უამრავი საქმე და გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებში, კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. ამის შემდეგ, „ბიბისის“ ფილმი ვნახეთ, სადაც ასევე კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მომხრე თუ პროპაგანდისტი ერთ-ერთი ჟურნალისტის ოფისში თუ მის სამუშაო ადგილას აღმოჩნდა „ქოლცენტრი“. უკვე ახალი, „უცხელესი“ ინფორმაცია ვაშაძის და როგორც თქვენ ბრძანეთ, არახამიას „ქოლცენტრებზე“. ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებული აქვთ, ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანიაა, რამდენიმე წუთის წინ ახალი ვერსია იყო სასტუმროა და გაქირავებულიაო - რატომ ემთხვევა ასე? „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით, სულ შემთხვევით დაემთხვა ამდენი რამე?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, საგამოძიებო ორგანოებიდან პარლამენტში ის საქმეები გადმოიტანოს, რომლებშიც თავადვე ფიგურირებენ.

„ჩემი ძმის ფართში რომ არის განთავსებული, ჩემი პარტნიორის ფართში რომ არის განთავსებული, ჩემს მეგობარს რომ ჰქონდა გაქირავებული და აზრზე რომ არ არის - ყველგან "ქოლცენტრები" რომ აღმოჩნდა, მოდი, ამ საქმეს ჩვენ გამოვიძიებთ და არ ვენდოთ არც ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს განსაკუთრებით ამ მიმართულებით, არც გერმანელ, არც სხვა ევროპელ სამართალდამცველებსო. იმ საქმეს, სადაც ჩვენ ვართ ეჭვმიტანილები, მოდი, ჩვენ გამოვიძიებთ პარლამენტშიო, გვეუბნებიან და მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები