საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. მიზეზი ქართველი მოჭადრაკის, 13 წლის ლუკა კილაძის მსოფლიო ჩემპიონობა იყო. ქართველი მოჭადრაკე 21 წლის შემდეგ, პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის. როგორც თავად ამბობს, ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც სცენაზე საქართველოს დროშით იდგა და ეროვნული ჰიმნი გააჟღერეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ლუკა კილაძეს "კურიერი P.S" ესტუმრა.
კიდევ ერთი ძალიან წარმატებული იდეა, რომლითაც "კურიერი P.S" დაინტერესდა - ჭიათურაში, ერთ-ერთ ქუჩაზე ნაგვის ფერადი ურნა დგას. ვიზუალურად იმდენად გამორჩეულია, რომ ყურადღებას მარტივად იქცევს. თუმცა, ვიზუალის გარდა გამორჩეულია მისი მახასიათებლებიც. მას ჭიათურაში "ჭკვიან ურნას" უწოდებენ. ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართება, გადავსების შემთხვევაში კი აღარ იხსნება. იდეის და პროექტის ავტორები ბავშვები არიან. ბავშვები, რომლებიც ჭიათურაში, მულტიფუნქციური ცენტრის რობოტიკის კურსზე სწავლობენ.