26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ჯანმრთელობისთვის საშიში ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება - ევროკავშირი სწრაფი განგაშის სიგნალს ავრცელებს

ევროკავშირი სწრაფი განგაშის სიგნალს ავრცელებს - იტალიაში წარმოებული გარკვეული სახეობის პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია. მასში საერთაშორისო ექსპერტებმა აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საეჭვო პროდუქციის მიმოქცევიდან ამოღება მოსთხოვეს.

თუკი თქვენ შეძენილი გაქვთ "პალმოლივის", "დავის", "გარნიეს" და "ინტესას" ჰიგიენური საშუალებები მითითებული სერიის ნომრებით, მათი მოხმარების შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემის რისკი მაღალია.

ევროკავშირმა წლის ყველაზე საშიში არასაკვები პროდუქტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა. ანგარიშში მოწინავე პოზიციას საბავშვო ნივთები იკავებს. სათამაშოების შემთხვევაში რისკები ორი მიმართულებით გაიყო, პირველი - ისევ მძიმე მეტალების შემადგენლობით გამოწვეული საფრთხე, მეორე კი ფიზიკური დაზიანებების და გაგუდვის საშიშროება. ევროკავშირმა სახელმწიფოებს და მწარმოებლებს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სარისკო სათამაშოების განადგურებისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთი გაფრთხილება ბავშვების ტანსაცმლის ხარისხს უკავშირდება. ირკვევა, რომ ბაზარზე არსებული სამოსის ნაწილი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით კონცენტრირებული საღებავებით იფერება, რომლის შედეგადაც, განსაკუთრებით ჩვილებში, ხშირია მძიმე ფორმით გამოხატული ალერგია თუ სხვა დაავადებები.

დასკვნის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხეა ავტომობილები და ელექტრო მოწყობილობები. გასულ წელს, ყველაზე ხშირად სწრაფი განგაშის სიგნალი სწორედ ამ საშიშროებების გამო დაიგზავნა. საერთაშორისო ბაზრიდან გამოითხოვეს მანქანების უახლესი მოდელები და გაანადგურეს მილიონობით ელექტრომოწყობილობა.

საქართველო ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში ჩართული ჯერ არ არის, შესაბამისად, სახელმწიფო ოფიციალურ შეტყობინებებს კონკრეტული პროდუქციის მავნებლობასთან დაკავშირებით არ იღებს, თუმცა ინფორმაცია საჯაროა და ის სწრაფად ვრცელდება. მსგავსი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული პარტიების ამოღება საქართველოს ბაზრიდანაც მოხდა. წლის განმავლობაში ევროკავშირმა სულ 2117 განგაშის სიგნალი გაავრცელა.

დღის ამბები