26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება" - პოლიტიკოსები სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებენ

მორიგი გამარჯვება - ასეთია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების შეფასება. ყველა მხარე თანხმდება, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე სიმართლის დამტკიცება შეძლო.

"2008 წლიდან 15 წელი დასჭირდა, რომ რუსეთის ფედერაცია, ეს ოკუპანტი სახელმწიფო გაემტყუნებინათ საქართველოს ომთან დაკავშირებულ საკითხებში. მე მინდა აქვე აღვნიშნო ის, რომ აქ არ არის მთავარი თანხა, გადასახდელი კომპენსაცია, მთავარი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა გამარჯვება ოკუპანტზე," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა გოგავა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების მისაღწევად ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია და ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური კურსის მატარებელია.

"ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, ყველანაირ საზღვრებს გადასცდა იმისთვის, რომ რაღაცნაირად რუსეთთან დააკავშირონ საქართველოს ხელისუფლება, ამ ფონზე, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ საერთაშორისო დონეზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, არის საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული და საქართველოს ხელისუფლება დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც დასავლეთის ღირებულებებს წარმოადგენს," - აცხადებს გივი მიქანაძე.

 
 
დღის ამბები