ადამიანს მთელი წუთისოფელი აქვს გულში: მთელი მისი სიმყრალე, შური, ვერცხლისმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, გაუტანლობა, სიბოროტე - ყველაფერი გულში აქვს და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი რას იტყვის, ცაში ღმერთი არსებობსო? ის ვერ იტყვის, იმიტომ, რომ მისი სულის გონითი თვალი დაბრმავებულია, - ასე ეხმაურება სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი კარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ცა ცარიელია და ღმერთი არ არსებობს".
დეკანოზის თქმით, მაშინ, როდესაც ადამიანი მხოლოდ ინტელექტიდან გამომდინარე, ფიზიკურ და ბიოლოგიურ კანონზომიერებებში აღიქვამს სამყაროს და სულიერი კანონი არ აღმოუჩენია, ლოგიკურია, რომ ის ღმერთს ვერ დაინახავს. ის ასევე მოუწოდებს ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ, თუ რატომ ვერ ხედავენ ხშირად სულიერ კანონს ის ადამიანები, ვისაც მაღალი ინტელექტი გააჩნია.
"ადრე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო მისი ინტელექტიდან გამომდინარე. არ ვიტყვი, რომ დღეს პატივს არ ვცემ, მაგრამ, ცა ცარიელია, ღმერთი არ არსებობს, ასეთი სიტყვები თქვა. რა თქმა უნდა, მისთვის ცარიელი იქნება ცა და ყველასთვის ცარიელია ცა, ვინც თუნდაც ტაძარში დგას და ღმერთის სულიერი კანონი არ აღმოუჩენია, მთავარი ეგაა, მას სულიერი კანონი არ აღმოუჩენია. რა თქმა უნდა, როდესაც სულიერი თვალი ბრმა გაქვს ადამიანს, დაბრმავებული ხარ და სამყაროს მხოლოდ ინტელექტიდან გამომდინარე აღიქვამ და იმ კანონზომიერებებში, რასაც ჰქვია ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქიკური და ზნეობრივიც, ამიტომ, ვითომ სიკეთე და მორალური კანონით და რაღაც, რა თქმა უნდა მორალური კანონიც არსებობს, მაგრამ მთავარია, მორწმუნეებო, მინდა გითხრათ, რომ სულიერი კანონი არსებობს და ეს ეძიეთ და თქვენ დაინახავთ ღმერთს. სულიერი კანონია, რომელიც წმენდს ადამიანის გულს, ანუ სიწმინდისკენ მიჰყავს. მაცხოვარი სახარებაში იძახის, რომ „ნეტარ იყვნენ წმინდანნი გულითა, რამეთუ, მათ ღმერთი იხილონ.“ ადამიანს მთელი წუთისოფელი აქვს გულში, მთელი მისი სიმყრალე, შური, ვერცხლისმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, გაუტანლობა, სიბოროტე, ყველაფერი გულში აქვს და რა თქმა უნდა ასეთი ადამიანი რას იტყვის, ცაში ღმერთი არსებობსო? ის ვერ იტყვის, იმიტომ, რომ მისი სულის გონითი თვალი დაბრმავებულია, იმიტომ, რომ იმდენი რამე აყრია ზედ, ამ წუთისოფლის ნაგავი, რანაირად დაინახავს ის ადამიანი? - ლოგიკურია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თუნდაც მცოდნე, ინტელექტუალი და ასეთი ადამიანები ამას რომ იძახიან, ეს უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ღვთის სულიერი კანონი არსებობს. დღევანდელი ახალგაზრდობა ინტელექტში რომ ხედავს მხოლოდ - რასაც ვხედავ და რაც შემიძლია რომ ავხსნა, ეს არის ჩემთვის რეალობა და იმის იქით არ არსებობს რეალობა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხალხი ფარ-ხმალს ყრის.
ადრე რაღაცებზე მაინც საუბრობდნენ, განმარტავდნენ, ირიბად იძახდნენ, მაგრამ როდესაც ეს ხალხი უკვე პირდაპირ იძახის ამას, ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარს ვხედავთ აქ: ინტელექტუალური ცოდნით და არა განათლებით, რამდენი წიგნი გაქვს ადამიანს წაკითხული და რამდენი ფიზიკის განტოლების, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა იცი, რამდენი ქიმიური პროცესის მიმდინარეობა იცი და ბიოლოგიურ პროცესებში ერკვევი - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სულიერ კანონს და ღმერთს ხედავდე. ეს ლოგიკურია, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებაში. მორწმუნეები რომ ხედავთ ამას, კი არ უნდა ღიზიანდებოდეთ და ლანძღვას კი არ უნდა იწყებდეთ, ამაზე უნდა ფიქრობდეთ, რომ დიახ, ასეა, ასეც უნდა იყოს და სხვაგვარად ვერ იქნება - ეს ხალხი ბოლოს გამოვლინდება. ვინც ვითომ მორწმუნეა, მაგრამ სინამდვილეში ურწმუნოა და სულიერ კანონს ვერ ხედავს, ის ბოლოს გამოავლენს ამას. ადრე თუ გვიან, ღმერთი მას გააშიშვლებს - ვინც გინდა იყოს, შეიძლება, სამწუხაროდ, სასულიერო პირიც იყოს, რომელიც მორწმუნე არ არის, პარადოქსია მაგრამ ასე შეიძლება იყოს მით უმეტეს ერის ადამიანიც, რომელიც შეიძლება ეკლესიაში აღმოჩნდეს და რწმენა არ აქვს. და თუკი ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს ვნახავთ, მათშიც ხომ მით უმეტეს და თან როდესაც ადამიანი ამ თავის ინტელექტუალურ განათლებაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ცალსახაა რომ ის ასე იფიქრებს. ეს პროცესი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, უბრალოდ, სწორად უნდა გამოვიყენოთ ეს, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ახალგაზრდებო, აბა დაფიქრდით, ასეთი მცოდნე ადამიანები, რომელთაც ძალიან ბევრი წიგნი აქვთ წაკითხული, რომელთაც ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ, რატომ ვერ ხედავენ ამ სულიერ კანონს? - ისინი ვერ ხედავენ ამ სულიერ კანონს და სამწუხაროდ თუ არ მოინდომებენ, ვერც დაინახავენ.
იცოდეთ, რომ, თუკი როდესმე, გენდომებათ, რომ სულიერი კანონი აღმოაჩინოთ და ღმერთის ძიება დაიწყოთ, მაგ გზას თუ დაადგებით, ღმერთს ვერასდროს იპოვით, იმიტომ რომ ამ ინტელექტში ჩაიძირებით ყველა და დაინაგვიანებთ ამ წუთისოფლიდან გამომდინარე ამ გონებას და შეუძლებელია, როდესმე ღმერთი დაინახოთ. მაგრამ, თუკი მართლა ღმერთის ხილვა გინდათ, მაშინ დაიწყეთ სულიერი კანონის ძიება და იპოვით 0 მერე იგრძნობთ, გული იგრძნობს ამ ყველაფერს და მართლაც ღმერთს დაინახავს," - აღნიშნავს დეკანოზი გიორგი კარელიძე.