26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ოპოზიცია აკრიტიკებს - რას პასუხობენ ოპონენტებს "ქართულ ოცნებაში"

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია - კონსერვატიული ღირებულებების მქონე პოლიტიკოსების ყველაზე მასშტაბური ფორუმია, რომელშიც მონაწილეობას წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს. ორდღიანი ღონისძიება წელს, მეორედ, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება. ბუდაპეშტში შეკრებილებს პრემიერი ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის და სლოვენიის მთავრობების ყოფილი მეთაურები - ანდრეი ბაბიში და იანეს იანიში, აგრეთვე შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენები ბარი მური და პაოლ გოსარიც მიმართავენ.

CPAC-ის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და მასში მონაწილეობას პრეზიდენტის რანგში, სხვადასხვა დროს - რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და დონალტ ტრამპიც იღებდნენ. კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხები წელს ოჯახი, სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები იქნება.

ევროპის ყველაზე დიდ კონსერვატიულ ღონისძიებაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფერენციის მთავრი საკითხები, ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ოპონენტების აზრით, ევროინტეგრაციისთვის ხელისუფლებამ ყურადღება სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გაამახვილოს.

კოლეგების მოსაზრებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს. მათი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანია. 

სარწმუნოების მტრობა, ტრადიციებისა და ოჯახის უგულვებელყოფა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკის რეალურ საფუძველს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ყველა შესაძლო ევროპულ ტრიბუნას იყენებს, რომელიც ინტეგრაციის გზაზე დამხმარე როლს თამაშობს. კანონმდებლებმა დღეს, ოპოზიციას ისიც უთხრეს, რომ ქვეყანა ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს, სწორედ ქრისტიანული ღირებულებებით დაიკავებს.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია 1974 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. მას შემდეგ CPAC ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სხვადასხვა დროს ევროპისა და შტატების გარდა, კონფერენცია იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ისრაელსა და მექსიკაშიც გაიმართა.

დღის ამბები