დამანგრეველი მიწისძვრიდან 3 თვის თავზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქართველ მაშველებს მადლობა პირადად უთხრა და თავდადების ორდენიც პირადად გადასცა.
ჯილდო, თურქეთის ლიდერმა, საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მამუკა სეფიაშვილს მისცა, რომელიც ადიამანის პროვინციაში ადამიანების გადარჩენის ოპერაციას 18 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
გამარჯვების და დამარცხების წუთები თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საკუთარი თვალით ნახა - დავით სხილაძე 10 წელია მაშველია, მაგრამ ამბობს, რომ ასეთ მასშტაბურ კატასტროფასთან ბრძოლა პირველად მოუწია. ნანახის დავიწყება დღემდე უჭირს.
ქართველი მაშველები თურქეთში, მიწისძვრისგან მიწასთან გასწორებულ ქალაქებში 18 დღის განმავლობაში სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ. მიდიოდნენ ყველგან, სადაც ნანგრევებიდან გამოწვდილ ხელს ხედავდნენ ან დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების განწირული ხმები ესმოდათ. ასე გადაარჩინეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ნანგრევებში 71 საათი გაატარა და რომლის გამოსაყვანადაც, ქართველები 20 საათზე მეტხანს მუშაობდნენ.
ქართველ მაშველებთან ერთად, ადიამანის პროვინციაში მუშაობდა მაშველი ძაღლიც. "ტინტომ" ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღესვე გაემგზავრა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა. მისიის დასრულების შემდეგ ისინი თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერით ჩამოფრინდნენ. აეროპორტში მათ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და თურქეთის ელჩი დახვდნენ.
თურქეთის სამხრეთ და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. სტიქიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება კი შეცვალა.