26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის -  ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოს დასკვნას და რეკომენდაციებს ელოდება

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას და რეკომენდაციებს ელოდება. მანამდე კი სახელმწიფო აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობას დააფინანსებს.

პრეპარატ "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანამდე ქართული პროტოკოლი უნდა მომზადდეს. გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და ყველა ის რისკი, რომელიც შესაძლოა აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო წამალს ახასიათებდეს. სამოქმედო გეგმა, გაიდლაინები და მკურნალობასთან დაკავშირებული პროცედურები - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც იშვიათი დაავადებების საკითებზე მომუშავე ჯგუფის წევრები, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

პრეპარატ "ვოსორიტიდის" უკუჩვენებაზე და შესაძლო რისკებზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა. სილვიუ დომენტემ საკითხს კომპლექსური უწოდა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე გადადგა.

მშობლები "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანას ჯანმოს რეკომენდაციების გარეშე ითხოვენ. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს სპეციალური განცხადებით უპასუხეს. მოთხოვნა უცველი აქვთ - დროულად შემოვიდეს პრეპარატი საქართველოში და უმოკლეს ვადებში დაიწყონ პაციენტების მკურნალობა იმისთვის, რომ შედეგი ეფექტური იყოს.

"ვოსორიტიდის" გამოყენებამდე აუცილებელია ხანგრძლივი კვლევა. იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრია, განმარტავს, რომ გართულების რისკებზე და შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან კვლევის ხანგრძლივობა ერთი წელია, ეს პერიოდი კი საკმარისი არ არის დასკვნების გამოტანისთვის. როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, მხოლოდ მწარმოებლის მიერ ჩატარებული კვლევა, პრეპარატის ეფექტურობას ან უკუჩვენებას ვერ დაადგენს.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატ "ვოსორიდიტის" გადაცემის საკითხით, დღეს პრეზიდენტი დაინტერესდა. სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და ზურაბ აზარაშვილისგან სამოქმედო გეგმის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

აქონდროპლაზიის სინდომის მქონე ბავშვების მშობლები, მთავრობის კანცელარასთან უკვე მერვე დღეა აქციას მართავენ და "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანას ითხოვენ. პროტესტის შეწყვეტას კი, მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

დღის ამბები