უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 14 თვე გავიდა, ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება. სამხედრო ექსპერტებს უკრაინის სასარგებლოდ პოზიტიური პროგნოზები აქვთ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აღმოსავლეთ უკრაინაში და კიევის მიმართულებით, მაგრამ ახლა, როგორც სამხედრო ექსპერტები დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, უკრაინელებმა ოკუპანტები უკან დახიეს. საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, რუსებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ ქონიათ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხერსონი დაიბრუნა - გასული წლის შემოდგომაზე. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგი აქვს.
რუსეთს იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებულები არიან თავდაცვა გააძლიერონ. დამატებითი ტერიტორიის აღების და ოკუპაციის შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ აქვთ - ამის შესახებ წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც. მათი განცხადებით, რუსეთის სამხედრო სარდლობა, სავარაუდოდ, ცდილობს, ვლადიმერ პუტინი თავდაცვითი ოპერაციების დაწყებაში დაარწმუნოს, თუმცა შესაძლოა, ამ მესიჯის პუტინისთვის პირდაპირ მიწოდებას ვერ ახერხებენ. განცხადებაში წერია, რომ რუსეთს ფრონტის ხაზის დაცვის უზრუნველყოფისთვის 400 ათასი სამხედრო სჭირდება. გარდა ამისა, უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო, ძალების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის სამხედრო სარდლობა, წვევამდელებს ანექსირებულ ყირიმში აგზავნის.
ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება დასტურია იმის, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წინ წასვლას. უკრაინული ძალები კი, მიმართულია თავდაცვასა და გარკვეულ ტერიტორიაზე კონტრშეტევაზე. ექსპერტების შეფასებით, თანამედროვე ომის საწარმოებლად რუსებს შესაბამისი ცოდნა არა აქვთ და პირველი მსოფლიო ომის ტიპის დაპირისპირებით იბრძვიან.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი ბოლო შეტევების დროს, ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებს. ბოლო რამდენიმე დღეში, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 10-ობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ირანული დრონების დიდი ნაწილი გაანეიტრალა. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს შეიარაღების სერიოზული დეფიციტი აქვს.
დამატებით შეიარაღებას და დახმარებას ითხოვს უკრაინა. დასავლეთის ქვეყნები, უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემას აგრძელებენ. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ესპანეთისგან უახლოეს მომავალში, ლეოპარდის ტიპის ტანკებს მიიღებს. გარდა ამისა, ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
რაც შეეხება ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს, ღამით რუსულმა სამხედრო ძალებმა, ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაზიანებულია ადგილობრივი საწარმო და კერძო სახლები. 64-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა, კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებებით, შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.