26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
საქართველოს საზღვაო კონტროლი, ძებნა, გადარჩენა და სამაშველო ღონისძიებები - საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი სრულდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი სრულდება. საქართველოს საზღვაო კონტროლი, ძებნა, გადარჩენა და სამაშველო ღონისძიებები - რთული ამოცანების შესასრულებლად, სანაპირო დაცვის თანამშრომლები, მუდმივად მზადყოფნაში არიან.
 
ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მყოფი და ნავსადგურებში მომავალ გემებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და საფრთხეების შეფასება, რაც ერთიანი საზღვაო ოპერაციული სურათის შექმნის მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარღვევების გამოვლენის ან ცალკეული გემის ინსპექტირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ცენტრიდან გადაცემული ინფორმაციის თანახმად, საქმეში სანაპირო დაცვის შესაბამისი ძალები და საშუალებები, მათ შორის, კანონაღსრულების ტაქტიკური განყოფილება ერთვება.
 
თავიდან მუშავდება აბორდაჟის გეგმა. ყველა ნაბიჯი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. ზუსტ გეგმას რისკები მინიმუმამდე დაჰყავს, რაც ამ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
 
როგორც კი გემზე დროშები აღიმართება, იწყება დავალების შესრულებაც. სანაპირო დაცვა ღია ზღვაში გადის. ამერიკული წარმოების აილენდის კლასის ხომალდი, ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია საპასუხისმგებლო, საზღვაო რაიონში პატრულირებაზე გასასვლელად და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სათანადო რეაგირების მოსახდენად.
 
ნებისმიერი ქმედება, აბორდაჟის დროს უნდა იყოს წინასწარ გათვლილი. ტაქტიკური ჯგუფი მსგავსი ოპერაციებისთვის მზადებას "ნატო"-ს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევის სპეციალური პროგრამების და სხვადასხვა სახის საერთაშორისო საზღვაო წვრთნებში მონაწილეობით გადიოდა.
 
საჭიროების შემთხვევაში საქმეში დამატებითი ძალებიც ერთვებიან, რომლებიც გემთან საკმაოდ მოკლე დროში მცირე საპატრულო კატარღებით - "დეფენდერებით" მივლენ. ეს სწრაფმავალი კატარღებიც, ჩვენს სანაპირო დაცვას, საერთაშორისო პარტნიორებმა გადმოსცეს.
  
ავტორი: გიორგი ქორქია 
დღის ამბები