სამკურნალო პრეპარატ ვოსორიტიდთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ უწყება ახალი მედიკამენტის საქართველოში დანერგვაზე მუშაობას.
მისივე თქმით, წამლის შესყიდვამდე, მნიშვნელოვანია პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეტი საერთაშორისო მონაცემები ჰქონდეს. თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება მზად არის ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
"ვოსორიტიდის დანერგვა, ისევე, როგორც სხვა ახალი მედიკამენტის დანერგვა, ძალიან საპასუხისმგებლო და კომპლექსური პროცესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ეს პროცესი გავაგრძელოთ ისე, როგორც ამას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა მოითხოვს და ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება, მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის ეტაპებთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების მრავლობითი საჭიროებები, რაც თან ახლავს აქონდროპლაზიის სიმპტომების მართვას, როგორიც შეიძლება იყოს, რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია, ფსიქოლოგიური და ხმარება და ასევე ნებისმიერი აპრობირებული მეთოდით მათი მკურნალობა, როგორც ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ დააფინანსოს და ამავდროულად გააგრძელოს მუშაობა მედიკამენტის დანერგვის საკითხებზე. ამ შეთხვევაში სიჩქარე გამართლებული არ არის. ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია ახალი მედიკამენტის ქვეყანაში უსაფრთხოდ დასანერგად უნდა გავიაროთ.
ის შეთავაზება ძალაში რჩება, რომ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე გავაგრძელოთ მედიკამენტის თაობაზე მტკიცებულების მოგროვება და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება, შესყიდვის ვადების, ქვეყანაში დანერგვის თაობაზე," - აცხადებს თამარ გაბუნია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, თუ ამ წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება პაციენტებისათვის ვოსორიტიდის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფა, სამინისტრო მზადაა, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში მედიკამენტის შემოტანა.