26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა - როგორია ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნის. მიზნის მისაღწევად ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა მეთოდს განიხილავენ, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებელში" ფიქრობენ, რომ პროცედურული დაპირისპირების პარალელურად, მათ ქუჩის აქციებითაც უნდა იბრძოლონ.

ვაშაძის ინიციატივაზე პოლიტიკურ პარტიებში ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა უკვე ცნობილია ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია. ისინი, "სტრატეგია აღმაშენებლის" იდეას არ იზიარებენ, ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარი ველი ჯერ მაინც საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს. ერთადერთი, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, ”ლელოა”. პარტიაში ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის აქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის აქციებზე აქცენტის გადატანა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციას მხოლოდ არეულობა სურს. უმრავლესობა ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად აღიქვამს.

მომდევნო კვირას პარლამენტში მხოლოდ კომიტეტის სხდომებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის საკითხი მაისში გადადის. ოპოზიცია შემდეგი პლენარული სხდომისთვის კვლავ მობილიზაციას გეგმავს.

საკუთარი პრინციპული პოზიციის ცვლილებას არ განიხილავს ”ქართული ოცნება”. ამბობენ, რომ მათი ყველა ნაბიჯი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისი იქნება.

ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის 3 მცდელობა უკვე ჰქონდა. სამივე შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომაზე, რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიიღო. კვორუმი არ შედგა, შესაბამისად, არც კენჭისყრები ჩატარებულა.

დღის ამბები