26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ოპოზიციის სამი წარუმატებელი მცდელობა და პროცედურული ომი - პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა მაისამდე გადაიწია

პარლამენტში მოსამართლეების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" პრინციპულ პოზიციას არ ცვლის. სახელისუფლებო გუნდს უკვე აქვს გეგმა, თუ როგორ შეუშალოს ოპოზიციას ხელი. რას აპირებენ არ აკონკრეტებენ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ყველა სამომავლო ნაბიჯი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისი იქნება. მმართველ პარტიაში დღესაც თქვეს, რომ ოპოზიციის ინიციატივა მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციას და ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

გეგმა აქვს ოპოზიციასაც - ისინი ყველა სხდომაზე მობილიზებას გეგმავენ. ამას გარდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" აქციების აუცილებლობაზეც საუბრობს. პარტიაში ფიქრობენ, რომ პროცედურულ დაპირისპირებაში აუცილებელია ქუჩის პროტესტით ბრძოლაც, თუმცა გიორგი ვაშაძეს ჯერ კოლეგებთან კონსულტაციები არ დაუწყია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ხედვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს და მეტიც, ისინი გიორგი ვაშაძეს შეუთანხმებელ გეგმებზე საუბრის გამო აკრიტიკებენ კიდეც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარი ველი მათთვის საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს. კონკრეტულად რას აპირებენ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, უცნობია - ამაზე ჯერ ოპოზიციას კონსულტაციები არ ჰქონია.

მმართველი გუნდისთვის აქციების დაანონსება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციას ქვეყანაში მოვლენების ქუჩაში გადატანა და არეულობა სურს. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ პროტესტის შემთხვევაშიც მათი ოპონენტები მიზანს ვერ მიაღწევენ. "ქართულ ოცნებაში" კვლავ ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაა.

ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის 3 მცდელობა ჰქონდა. სამივე შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომაზე, რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიიღო. კვორუმი არ შედგა, შესაბამისად, არც კენჭისყრები ჩატარებულა. პარლამენტში მომდევნო კვირა საკომიტეტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მაისის თვეში გადაიწევს.

დღის ამბები