26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
აქცია ბუნებრივია, თვითმიზანი არ იქნება, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს სჭირდება მართვა - ლევან ბეჟაშვილი

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ აქციების დაანონსებას ლევან ბეჟაშვილი ეხმაურება. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აქციების ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ დღეს მთავარი ბრძოლის ველი პარლამენტზე გადის.

ეს განცხადება მან ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. ამ მოთხოვნას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ დაუშვებს.

"აქციებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაცია არ გამართულა, აქცია ბუნებრივია, თავისთავად, თვითმიზანი არ იქნება. საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს სჭირდება მართვა. ბუნებრივია, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდები იქნას გამოყენებული გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის შეიძლება აქციებიც ჩატარდეს, თუმცა მთავარი ბრძოლის ველი დღეს გადის პარლამენტში,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

აქციების დაანონსებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატივები ოპოზიციაში შეთანხმებული უნდა იყოს.

"ეს გამოცდილება, დასწრებაზე რომ არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, აქციის გამოცხადების და მერე ეუბნებიან "ნაციონალურ მოძრაობას" ჩვენ გამოვაცხადებთ და თქვენ მოიყვანეთ ხალხიო, ცხელ შემოდგომას გამოვაცხადებთ, ოღონდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აადუღოს. ამიტომ, შეუთანხმებელი ინიციატივები არ ვარგა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

 

დღის ამბები