26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
მოსამართლეების საქმე - დიპლომატიური მისიის დასასრულს, აშშ-ის ელჩი "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" ახალი ბრალდებების ადრესატი ხდება

სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე კელი დეგნანის გუშინ გაკეთებული კომენტარი, მმართველ გუნდში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკის მორიგი საფუძველი გახდა. დიპლომატმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა 4 მოსამართლის სანქცირება და თქვა, რომ შეგროვდა ინფორმაცია ღია წყაროებით და ჩაეშვა სისტემაში, რომელიც სახელმწიფო მდივნამდე მივიდა. უმრავლესობაში, ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის გადაწყვეტილების უკან, კელი დეგნანის პერსონალურ გადაწყვეტილებას ხედავენ.

შეფასებების დროს კიდევ უფრო მწვავე იყო დღეს "ხალხის ძალა". მოძრაობის წევრებმა ელჩი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების მცდელობაშიც კი დაადანაშაულეს.

შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განცხადებებს, მეგობრულს, უმრავლესობის მხრიდან მის კრიტიკას კი სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს ოპოზიცია. პოლიტიკოსების თქმით, ინფორმაციის შეგროვება და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნა საელჩოს პირდაპირი მოვალეობაა. ოპონენტები ხელისუფლებას საეჭვო კითხვებზე საპასუხოდ, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მხარდაჭერას ურჩევენ.

ოპონენტების კრიტიკას დაუსაბუთებლად აღიქვამენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან სამართლებრივად ღირებული მტკიცებულებების წარმოდგენის ნაცვლად, მხოლოდ იმის დასტური მიიღეს, რომ დიპლომატი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს თავადვე აზიანებს.

3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილებაზე, შეერთებული შტატების ელჩმა გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა. დიპლომატმა განმარტა, რომ ამ ჟესტით სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების რეფორმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო მინიშნება მისცა.

დღის ამბები